სასწაული არ მოხდა: ტოჩინოშინმა გაზაფხულის ჰარუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა

© photo: AFP 2020 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენი ახალ რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს და მაისის ტურნირს უფრო დაბალ რანგში დაიწყებს.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

ბოლო, მე-15 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა საკმაოდ რთული მეტოქის - სეკივაკე ტაკანოსიოს დამარცხება ვერ შეძლო.

ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ ტაკანოსიომ ინიციატივა თავის ხელში აიღო და გორგაძე დოჰიოდან გაიყვანა. პირადი დაპირისპირების ანგარიში 3:1 იაპონელი სუმოისტის სასარგებლოდ.

ჰარუ ბაშოზე 10 დღის შემდეგ ტოჩინოშინს შვიდი წაგება და სამი მოგება ჰქონდა. დადებითი ბალანსისთვის გორგაძეს ზედიზედ ხუთი ბრძოლის მოგება სჭირდებოდა, ტოჩინოშინმა ხუთი მოიგო, მაგრამ, თავისი ქომაგების სამწუხაროდ, მეხუთე შერკინება ტაკანოსიოს დაუთმო.

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობდა. უარყოფითი ბალანსი ნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენი ახალ რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს და ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირს) უფრო დაბალ რანგში დაიწყებს.

რაც შეეხება ამჟამინდელ ბაშოს, ტურნირის გამარჯვებული სეკივაკე ტერუნოფუძი გახდა. მონღოლი სუმოისტი თავის კარიერის განმავლობაში იმპერატორის თასს მესამედ დაეუფლა და მომდევნო ტურნირს ოძეკის რანგში დაიწყებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0