თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თბილისში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის ბოლო დღეს სამი მედალი მოიგეს.
კვარცხლბეკის ზედა საფეხურზე ავიდა გელა ზაალიშვილი, რომელმაც +100 კგ წონით კატეგორიაში ფინალი მოიგო. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას მოუგო.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი საბა ინანეიშვილი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენმა სპორტსმენმა თურქ ქემალ ერდოღანს სძლია.
ილია სულამანიძეს შეეძლო ოქროს ჯილდოს მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ ფინალში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ის კანადელ შეიდი ელ ნაჰასთან დამარცხდა.
ამგვარად, სამი საშეჯიბრო დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების ყულაბაში ცხრა მედალია: ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა (2-3-4) და კანადის (2-1-1) და მონღოლეთის (2-0-2) ძიუდოისტებს გაუსწრო.