თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის წაგებულ მატჩზე შვედეთთან და ესპანეთთან მატჩისთვის მიმდინარე მომზადებაზე.
სანიოლმა დაამშვიდა ქართული გუნდის ქომაგები და აცნობა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და ხვალ ესპანეთს გუნდთან ერთად დაუპირისპირდება.
„მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს“, - აღნიშნა მწვრთნელმა.
სანიოლმა ისაუბრა ასევე პირველ თამაშზე შვედეთთან, რომელიც საქართველომ ანგარიშით 0:1 დათმო.
„პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ეს ეხება დაცვის ხაზს, შეტევას და ზოგადად თამაშის დისციპლინას. იმედი მაქვს, მომავალშიც ამ სტილს მივყვებით“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს ესპანეთთან, სანიოლის თქმით, ყველა მოთამაშე მატჩისთვის სერიოზულად არის განწყობილი და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ნაკრების მეკარებ გიორგი ლორიამ.
„არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ნაკრებს ვეთამაშებით, ეროვნულ გუნდში სულ ერთნაირი განწყობით ვთამაშობ და ასე იქნება ხვალაც. ალბათ ესპანეთს ეს უფრო მეტად ეხება, რადგან ეს ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული, გუნდს რომ დავეხმარო“, - განაცხადა მან.
ლორია შეეხო ასევე იმ ფაქტს, რომ ესპანეთთან მატჩზე პირველად დიდი ხნის შემდეგ ქომაგებს დაუშვებენ.
„სასიამოვნოა, ხვალ მაყურებელი რომ იქნება სტადიონზე. ბოლოჯერ ეს 2019 წლის შემოდგომაზე იყო. იმედი მაქვს, ყველა ერთად შევძლებთ და ხალხს მოგების გემოს დავუბრუნებთ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან დამარცხდა (0:1), ხოლო ესპანელებმა საკუთარ მოედანზე საბერძნეთს ვერ მოუგეს (1:1). ამგვარად, ამ დროისათვის შესარჩევ В ჯგუფში შვედეთის გუნდი ლიდერობს.
მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.