მცდელობა №2: საქართველოში კრისტიან დანიელსონს ელოდებიან

© photo: Government of Georgia / FBკრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
НовостиTelegram
ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი მეორედ შეეცდება ქართული ოპოზიციისა და ხელისუფლების შერიგებას.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლას ელოდებიან. იგი კვლავ შეეცდება ქვეყნის გამოყვანას პოლიტიკური კრიზისიდან.

დანიელსონი თბილისში ისევ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დავალებით ჩამოვა. საქართველოში იგი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მედიატორის როლს შეასრულებს. ცნობილია, რომ შეხვედრები უკვე ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყება.

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მოსაზრებები იყოფა: შეუშლის თუ არა ხელს საპროტესტო აქციები თბილისში მოლაპარაკებების პროცესს

„ჩვენ მისი ჩამოსვლისთვის ვემზადებით. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედი გამიცრუა. ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება, ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში წინ წაწევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, დანიელსონი ჩამოდის იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა შესაბამისი მონაცემები და შესაძლებლობები, რათა გამოინახოს მხარეებს შორის თანხვედრის წერტილები.

„ახლა ჩვენ მუშაობა უნდა დავიწყოთ იმაზე, რომ დავინახოთ, როგორ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. ეს მარტივი არ იქნება, შედეგი პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, იმედი მართლაც არსებობს, თუ ყველა მხარე შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპელი დიპლომატის დაბრუნებას საქართველოში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან.

„იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია ის კრიტიკული გზავნილები, რაც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აქტიური მოქმედებაც. კარგია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში“, – განუცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

მისი სიტყვებით, თუ შეთანხმება ამჯერადაც ვერ მოხერხდება, დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

წერეთლის თქმით, ახლა სიტყვა ხელისუფლებაზეა. თუ ისინი გააგრძელებენ იმ პოზაში ყოფნას, რომ „ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, არაფერს დავთმობთ, არავითარ კომპრომისზე არ წავალთ, არ ვისაუბრებთ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე“, რასაკვირველია, ამ პროცესს ძალიან ნეგატიური გაგრძელება ექნება და ამით ჩვენი ქვეყანა დაზარალდება, აღნიშნა მან.

ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ კონსენსუსი მხარეებს შორის ვერ იქნება მიღწეული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხების განხილვის გარეშე.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, „ქართული ოცნება“ კვლავ „წითელ ხაზებზე“ საუბრობს... ყველამ შესანიშნავად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხებია მითითებული. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება არ იქნება“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

პრეზიდენტი: აშშ–ს და ევროკავშირს სტაბილური საქართველო სჭირდებათ>>

„ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა, იყო ის, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ყველა ჩვენი პარტნიორი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ოპოზიციას არა აქვს პარლამენტის ბოიკოტირების მიზეზი.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
თალაკვაძე: არჩევნებისა და მელიას გათავისუფლების საკითხები არ გადაიხედება

„რაც შეეხება პატიმრებს, ერთი ადამიანია ნიკა მელია, რომლის გათავისუფლება არის ერთი წუთის საქმე და გასაღებია მის პირად ხელში. გადაიხდის გირაოს – გამოვა გარეთ, და ეს მთელმა მსოფლიომ იცის“, – აღნიშნა დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მცდელობა №1

პირველად დანიელსონი საქართველოში მხარეების მორიგების მიზნით 12 მარტს ჩამოვიდა და კვირაზე მეტხანს მართავდა სამმხრივ შეხვედრებს. თუმცა დიპლომატის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა – მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრების წინ პრესკონფერენციაზე კი იმედი გამოხატა, რომ მხარეები მზად იქნებიან კომპრომისისთვის, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადალახვას შეუწყობს ხელს.

უნდობლობის ვოტუმი, ანუ რას აპირებს ოპოზიცია>>

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0