თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზებზე.
ადგილობრივები შემოვლითი გზებით სარგებლობენ.
მიმდინარე სამუშაო პროცესები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მოადგილესთან არჩილ ბერიძესთან, დეპარტამენტის სპეციალისტებთან, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან გორგილაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან როლანდ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
ოთხშაბათს ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა და საავტომობილო გზებზე მიწის მასა ჩამოწვა.
საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა ასევე გუდამაყრის ხეობასა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. სინოპტიკოსების პროგნოზებით, 26 მარტამდე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმებია მოსალოდნელი.