თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე აქტიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეწყრის გამო აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დრომდე ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში დარჩება, რათა მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები დროულად მიიღონ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში–ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი 23 მარტს ჩამოწვა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარე სამყაროს მოსწყვიტა.