თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ კორონავირუსზე 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია 25 მარტიდან დაიწყება.
„საერთაშორისო რეკომენდაციების და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, შეირჩა ვაქცინაციის სამიზნე პოპულაციური ჯგუფები, რომელთა მოცვა ეტაპობრივად განხორციელდება“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაავადებისა და სიკვდილიანობის სიხშირიდან გამომდინარე, კორონავირუსზე შემდეგი ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფი – 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა აიცრება.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22.
საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, დაგეგმილი 54 ათასის ნაცვლად აცრილია სამედიცინო სფეროს 4 ათასზე მეტი წარმომადგენელი.
კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
თამარ გაბუნია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს>>
ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მიზნით ურიგოდ ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.