თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე სტოკჰოლმში, მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის წარდგენის შედეგად მე-18 ადგილზე გავიდა და თავისუფალი პროგრამის ეტაპზე გადავიდა.
მოკლე პროგრამისთვის, რომელიც ესპანური კომპოზიციის Asturias მელოდიაზე იყო წარმოდგენილი, 17 წლის ურუშაძემ მსაჯებისგან 59.89 ქულა (32.36 ქულა ტექნიკური ელემენტებისთვის და 27.53 ქულა პროგრამის კომპონენტებისთვის) დაიმსახურა.
გამოსვლისას ურუშაძემ შეასრულა კასკადი - სამმაგი „ფლიპი“+სამმაგი „ტულუპი“, ორმაგი „აქსელი“ და პროგრამა რთული სამმაგი „ლუტცით“ დაასრულა.
მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზეა რუსი ანა შჩერბაკოვა (81 ქულა), მეორე ადგილზე - იაპონელი რიკე კიხირა (79.08), ხოლო მესამეზე - რუსი ელიზავეტა ტუკტამიშევა (78.86).
თავისუფალ პროგრამას მოციგურავეები 26 მარტს წარმოადგენენ.