თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საინვესტიციო გეგმის ფარგლებში 2021-2023 წლებში სამი ქალაქის – თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაზე 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გამოცხადდა.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ეს გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას და ხარისხს.
გამოყოფილი თანხა მოხმარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების რაოდენობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, არსებული წყალმომარაგების სისტემების უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას”, – განაცხადა ნარმანიამ.
200 მლნ ლარის ფარგლებში ინვესტიციას განახორციელებენ Georgian Water and Power და Rustavi Water Company.
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყლის ტარიფი უძვირდება>>>
ამის პარალელურად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას 1 იანვრიდან წყლის გადასახადი გაეზარდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობა, რომელთაც წყლის მრიცხველები უდგათ, 1 მ3 წყალზე 0,33 ლარის ნაცვლად 0,5 ლარს იხდის.
თბილისში დანარჩენი აბონენტები წყლის გადასახადს ოჯახის წევრების სულადობის მიხედვით იხდიან. აღნიშნული აბონენტებისთვის ყოველთვიური ტარიფი ერთ ადამიანზე განისაზღვრა 4,518 ლარით ნაცვლად 3,9 ლარისა.
რაც შეეხება საწარმოებსა და კომერციულ სექტორს, მათთვის ტარიფი 4,4-დან 6,503 ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება „რუსთავის წყალს“, 1 იანვრიდან საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით ასეთია: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 მ³ – 0.50 თეთრი, გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით 1 მ³ – 3.703 ლარი.