თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა უკვე ვიდეოზარით არის შესაძლებელი, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია დისტანციურად, ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე.
ამასთან, აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებენ ინდივიდუალური მეწარმეები, აღნიშნავენ უწყებაში.
„დამატებით გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახური ვიდეოზარით მიმართვისას, გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული ფიზიკური პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის (eservices.rs.ge) აქტივაციასაც“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ვიდეოზარის მეშვეობით დამატებით შესაძლებელია შემდეგი სერვისებით სარგებლობა:
- ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;
- მომხმარებლის პაროლის აღდგენა;
- ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური სერვისები.