უთვალთვალებდნენ თუ არა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატირის შენობა
საქართველოს პროკურატირის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
კახა საბანაძის მხრიდან თანამდებობის დატოვების საფუძველი ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები გახდა.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის კახაბერ საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კახა საბანაძემ დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც 2017 წლიდან იკავებდა. მისი მხრიდან პოსტის დატოვების საბაბი გახდა ორი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ის მონაწილეობს. ასევე ფარული ვიდეოჩანაწერის კადრი, რომელიც მის კაბინეტშია გადაღებული, რის შესახებაც საბანაძემ არ იცოდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

პროკურატურის ინფორმაციით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 158-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საბანაძის თვალთვალს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კადრად ითვლება. ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი ეხებოდა 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, როდესაც თბილისში ოპოზიციის აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლა მოხდა. ტელეკომპანიის მტკიცებით, იმ ღამეს სპეცდანიშნულების რაზმს ბრძანებებს არა რაციის, არამედ მობილური ტელეფონის საშუალებით აძლევდნენ. სიუჟეტის მიხედვით, საბანაძე იმ ღამეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქციაზე დიდი მონიტორის და ხმოვანი დანადგარების დაზიანების ბრძანებას აძლევდა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენები საქართველოს პარლამენტში დაიწყო, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია იმართებოდა. რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რაც ოპოზიციის პროტესტის საფუძველი გახდა. როდესაც ქუჩაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, ხელისუფლებამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0