თბილისი, 22 მარტი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო ჰარუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეექვსე შეხვედრა წააგო (ზედიზედ მეოთხე).
ტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მეათე მაეგაშირა რიუდენთან დამარცხდა.
ამ წაგების შედეგად ტოჩინოშინმა გაიუარესა თავისი ბალანსი – სამი მოგება და ექვსი წაგება. დადებითი ბალანსის დასაბრუნებლად ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი ექვსი შერკინებიდან ხუთი უნდა მოიგოს. ტოჩინოშინის არცთუ ისე კარგი ფორმის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ პრობლემატური იქნება.
ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიამას შეხვდება. ერთადერთ შეხვედრაში, რომელიც მეტოქეებს შორის გაიმართა, იაპონელმა სუმოისტმა მოიგო.
ამჟამინდელი გაზაფხულის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტაკარაფუძია. იაპონელ სუმოისტს ცხრა შეხვედრიდან რვა გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.