გახარია პოლიტიკაში ბრუნდება - საქართველოში „მესამე ძალა“ გამოჩნდება?

© Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
გიორგი გახარიამ თავის მხარდამჭერებს თავი არ მოანატრა - პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ერთ თვეში მან პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი ჯერჯერობით დაბრუნების შესახებ მხოლოდ დაპირებით შემოიფარგლა. მან აღნიშნა, რომ ახლო მომავალში თავის გეგმებზე ისაუბრებს და ყველა კითხვას უპასუხებს.

გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა, რაც საზოგადოებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა.

ყოფილი თანაგუნდელების რეაქცია

ქართულ პოლიტიკაში გახარიას დაბრუნებას მისი ყოფილი თანამოაზრეებმა გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა დავითულიანის სიტყვებით, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გახარია ხელისუფლებიდან წავიდა, მაგრამ არა – პოლიტიკიდან: რა გეგმები აქვს ექს-პრემიერს

„საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას, გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა. თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მმართველი გუნდიდან წავიდა.  ბევრი ადამიანია „ქართულ ოცნებაში“, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს. ამიტომ, თუ მასთან ერთად დავინახავთ, არ ნიშნავს, რომ არშექმნილი გუნდის წევრია ჯერჯერობით“, – განაცხადა დავითულიანმა.

მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას კონსულტაციებზე ყოფილ პრემიერთან.

„არ მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ვინმე ვინმესთან ერთად აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას. ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

გახარიას თაოსნობით ახალი ოპოზიციური პარტიის შესაძლო გამოჩენას მიესალმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

„ისეთი საპარლამენტო გარემო გვაქვს, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პარტია შექმნას, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი“, – განაცხადა ზარქუამ.

„მესამე ძალა“ თუ „ქართული ოცნების“ სატელიტი?

გახარიას პოლიტიკური გეგმები საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა.

„კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რათა შეასრულოს ეს მისია. მისია, თითქოს შექმნან „ქართული ოცნება“ ორი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის სიტყვებით, პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ყოფილ პრემიერს არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.

რესან კონცელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი გახარიას გუნდში გადასვლას არ ადასტურებს

„არ ვიცი, რას გეგმავს გახარია. ამაზე ალბათ თავად ისაუბრებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გახარიას, ისევე როგორც მასთან დაახლოებულ სხვა პირებს, ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა... ქვეყანაში მრავალ პრობლემაზე პასუხისმგებელი პირადად გახარიაა, ამიტომ თუ მას პოლიტიკაში დარჩენა უნდა, ეს, რასაკვირველია, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ გახარიას პარტია რეალურად მესამე პოლიტიკური ძალა არ იქნება.

„გახარია მესამე ძალად არ მიმაჩნია. რადგან მისი დამოკიდებულება სამართლიანობისადმი, მისი დამოკიდებულება მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისადმი, არ იმსახურებს დადებით შეფასებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

განსხვავებული აზრისაა ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც გახარიას ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევს.

„რამდენადაც ვიცი, გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას ფიქრობს და გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ. გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ -არა  სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, “, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„გადატვირთვა“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გახარიას დაბრუნება პოლიტიკაში მოსალოდნელი იყო.

„გახარიას ისედაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ყველა ელოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი, ასეთი მაღალი რეიტინგით ვერ შეძლებდა პოლიტიკის დატოვებას და დაბრუნდებოდა... მას დიდი პოტენციალი აქვს, შეუძლია იმის გაკეთება, რაზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა წასვლის წინ, რომ ის ისურვებდა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანდა“, - განუცხადა საყვარელიძემ Sputnik-საქართველოს .

მისი თქმით, გახარიას ირგვლივ შემოკრებილი პოლიტიკური ჯგუფი შეძლებს ამ როლის შესრულებას და მარტივად გადაუსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დაბალი რეიტინგის მქონე ბევრ სხვა პატარა პარტიას.

საყვარელიძის თქმით, ქართულ პოლიტიკას „გადატვირთვა“ სჭირდება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე ერთად – მესამე პოლიტიკური ძალა?

„ასეთი „გადატვირთვის“ აუცილებლობა უკვე დიდი ხანია მომწიფდა, მაგრამ უფრო მკაფიოდ ეს იგრძნობა ახლა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად, ოპოზიციური, ვერ დაიძრა ადგილიდან, გამოავლინა ძლიერი სტატიკურობა, ვერ შეძლო ვერაფერზე შეთანხმება და მისი ადგილიდან დაძვრა მაღალი რანგის დასავლელმა წარმომადგენლებმაც ვერ შეძლეს. ასეთ ვითარებას ჯანსაღს ნამდვილად ვერ უწოდებ. შესაბამისად, საჭიროა გადახალისება ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის სახით“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გახარია ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ეს პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება.

„ჩვენ ჩახარშული ვართ გარკვეულ ნეგატიურ ორპოლუსიანობაში. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური დინამიკა ავკრიფოთ და წარსულსა და აწმყოს შორის არჩევნის ამარა არ ვიყოთ. ასევე, იყოს მომავლის საინტერესო შეთავაზებები, გახარიამ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა და საინტერესო იქნება მისი დაბრუნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვინ არის გიორგი გახარია

გიორგი გახარია მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან პიროვნებად იყო მიჩნეული.

45 წლის გახარია პროფესიით ისტორიკოსია. განათლება თბილისსა და მოსკოვში მიიღო. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ ექვსი წელი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2002-2004 წლებში გახარია ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.

იგი მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ასრულებდა.

პროფესიით 45 წლის გახარია ისტორიკოსია. განათლება თბილისსა და მოსკოვში მიიღო. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მომდევნო ექვსი წელიწადი სწავლობდა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002-2004 წლებში გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.

საინტერესოა გახარიას ბიოგრაფია, სანამ ის საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა. კარიერა მან რუსეთში დაიწყო. 2004-2008 წლებში ის იყო კომპანია SFK Group-ის გენერალური დირექტორი მოსკოვში; 2006-2009 წლებში – მიწვეული ლექტორი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 2008-2013 წლებში გახარიას Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany-ში აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთში ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გახარია ქართულმა საზოგადოებამ პირველად 2013 წლის მარტში ბიზნეს-ომბუდსმენის რანგში გაიცნო. მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე (2017 წლის 13 ნოემბრიდან) დაამახსოვრდა. პარალელურად გახარია იყო ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

 მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელიც ჩაიბარა. ამ თანამდებობას ის 2016-2017 წლებში იკავებდა, შემდეგ კი შსს-ს ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0