თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.
„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაჰპირდა. თუმცა, ადგილობრივები ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიებს, რომ მათ საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გარეშე არ დატოვებენ. ამასთან, ისინი ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ იმის დასტურად, რომ ფართით ყველა მათგანი დაკმაყოფილდება.
„ვითხოვთ, რომ ხელშეკრულებები დაგვიდონ, ერთგვარად დაგვაზღვიონ და ხმას არ ამოვიღებთ. თუ ყველა ოჯახს აკმაყოფილებენ, მაშინ ინდივიდუალურად მივიდნენ და გააფორმონ დოკუმენტაცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ბერიძემ.
ამ დროისათვის „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია – მიმდინარეობს სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა.
როგორც ადრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე 580-ზე მეტ საცხოვრებელი ბინის აშენება იგეგმება, ხოლო შემდეგ იმდენი ბინა აშენდება, რამდენიც საჭირო იქნება იქ მცხოვრები მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად.
„ოცნების ქალაქის" პრობლემების გადაჭრისთვის პრიორიტეტების ოთხწლიან დოკუმენტში გაწერილია თანხები როგორც მშენებლობის პირველი ეტაპის, ისე მეორე ეტაპის განხორციელებისთვის... რაც შეეხება ბინების გადანაწილების საკითხს, ყოველ ხუთშაბათს იკრიბება სამთავრობო კომისია. ჩვენ მზად ვართ „ოცნების ქალაქის“ ნებისმიერი წარმომადგენელი შევიყვანოთ სამთავრობო კომისიაში და მათი წარმომადგენელი ყოველ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თავად მოაწერს ხელს“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.
მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.