ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიები კიდევ ორმა ქართველმა ფალავანმა მოიპოვა

© photo: GeoWrestling / FBლაშა გობაძე
ლაშა გობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორმა ქართველმა სპორტსმენმა - რამაზ ზოიძემ (-67 კგ) და ლაშა გობაძემ (-87 კგ) ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიები მოიპოვეს.

ბუდაპეშტში გამართულ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე ორივე ფალავანმა თავიანთ წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში იჭიდავა და ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ზოიძემ თავის ორთაბრძოლაში სომეხი სლავიკ გალსტიანი დაამარცხა (10:1), ხოლო გობაძემ რუს მილად ალირზაევს სძლია (9:5).

ბერძნულ-რომაული სტილით კიდევ ორმა მოჭიდავემ - ირაკლი ძიმისტარიშვილმა (-60 კგ) და გელა ბოლქვაძემ (-77 კგ) ფინალამდე ვერ მიაღწიეს და ისინი ჯერჯერობით ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების გარეშე რჩებიან.

მანამდე ბუდაპეშტის ტურნირზე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ავთანდილ კენჭაძემ (-74 კგ), რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამ დროისათვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოპოვებული აქვს შვიდ ქართველ ფალავანს. თავისუფალი სტილი - ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (-125 კგ), ასევე ბერძნულ-რომაული სტილი: რამაზ ზოიძე (-67 კგ), ლაშა გობაძე (-87 კგ), გეორგი მელია (-97 კგ) და იაკობ ქაჯაია (-130 კგ).

ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება. ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ულიცენზიოდ რჩებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 60, 65 და 86 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები - 60 და 87 კგ-მდე წონით კატეგორიებში.

დასკვნითი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი სოფიაში (ბულგარეთი) 6-9 მაისს გაიმართება. ეს ქართველი ფალავნებისთვის დარჩენილი ლიცენზიების მოსაპოვებლად ბოლო შანსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0