თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneka-ს პრეპარატით 3.674 მედმუშაკი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის სისტემის სპეციალურ ვებ-პორტალზე ვაქცინაციაზე ამ დროისათვის 5.250 მედმუშაკი დარეგისტრირდა.
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სამედიცინო ცენტრებში პროცესი შეჩერებულია, რადგან მიმართვიანობა არ არის.
ახალციხეში ვაქცინაციის შედეგად დაფიქსირდა სერიოზული გართულება, რომელიც ლეტალურად დასრულდა. 27 წლის ექთანი 19 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებმა და სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ვაქცინაცია 42 დაწესებულებაში გაგრძელდება. ეს არის მრავალპროფილური კლინიკები, სადაც რეანიმაციული განყოფილება არსებობს. მედიკოსებს ამ დაწესებულებებში რეგისტრაციის გავლა ხელახლა მოუწევთ.
ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ცრიან სამედიცინო პერსონალს. საქართველოში ვაქცინაცია ჯერჯერობით მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ტარდება. უახლოეს მომავალში სხვა პრეპარატებიც შემოვა. უახლოეს მომავალში სხვა პრეპარატებიც შემოვა.
ეპიოდემიოლოგები მედმუშაკებს აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.