თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 28 მარტიდან აღდგება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
Wizz Air–ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 20 მიმართულებით განახორციელებს>>
ავიარეისებს კვირაში ოთხჯერ (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა) მარშრუტით ვარშავა–თბილისი–ვარშავა პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines შეასრულებს.
ავიაკომპანია 31 მაისიდან აღნიშნული მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდას გეგმავს, კერძოდ, LOT Polish Airlines-ის ინფორმაციით, რეგულარული ავიარეისები კვირაში ხუთჯერ შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების ნებართვა უკვე გასცა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვისას, ყურადღებით გაეცნონ ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ წესებს, ავიაკომპანიების განცხადებებს, განრიგს.
მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70 რეისს ასრულებს, ხოლო ზაფხულისთვის მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განახლდა.
აზერბაიჯანული ლოუკოსტერი ბაქოდან თბილისში იფრენს>>
საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა გასული წლის მარტში შეაჩერა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.