თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა აშშ-თან ურთიერთობის არცთუ მარტივი განვითარებისთვის, იუწყება РИА Новости.
დიპლომატმა მოიშველია უკვე გამოთქმული პოზიცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა აშშ-თან ითანამშრომლოს „მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენს, და იმ პირობებით, რომლებიც ჩვენთვის ხელსაყრელია“.
„სიტუაცია (აშშ-თან ურთიერთობის მხრივ - რედ.), სინამდვილეში, მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა გორჩაკოვის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელ პირობებში იზრდება სამოქალაქო საზოგადოებების მიმართულებით საერთაშორისო კონტაქტების როლი.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინი „პასუხს აგებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის“. მასმედიაში ასევე ამტკიცებენ, რომ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა, თუმცა გაურკვეველია, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომელიც საუბრის დაწყებას ეხებოდა, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენმა და პუტინმა უკვე ისაუბრეს და რომ აშშ რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტს განაგრძობს.
პუტინმა ბაიდენის გამონათქვამებზე საუბრისას ჯანმრთელობა უსურვა მას და მოიშველია ბავშვების საყვარელი გამონათქვამი - „ვინც იძახის, იძახის - თავის თავზე იძახის“ (Кто как обзывается, тот так и называется), და დასძინა, რომ ამ ხუმრობაში ღრმა აზრიც არის ჩაქსოვილი. მისი თქმით, ყველა ხალხისა და სახელმწიფოს ისტორიაში უამრავი მძიმე, დრამატული და სისხლიანი მოვლენაა და „როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანებს ან სხვა სახელმწიფოებს, სხვა ხალხებს, თითქოს სარკეში ვიყურებით. იქ ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ“.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ბაიდენის განცხადებაზე რუსეთის შესახებ>>
აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიწვიეს, რათა შეაფასონ ვაშინგტონთან ურთიერთობების ამჟამინდელი კონტექსტი. უწყებაში აღნიშნეს, რომ უნდათ თავი აარიდონ „ვაშინგტონთან ურთიერთობების შეუქცევად დეგრადაციას“. და, რაც მთავარია, გადაწყვიტონ, რა გზებით მოხერხდება ვაშინგტონის მიერ ბოლო წლებში ჩიხში შეყვანილი რუსეთ-აშშ-ის მძიმე ურთიერთობების გამოსწორება. რუსეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ ანტონოვი მოსკოვში 20 მარტს გაემგზავრება.