თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი – ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის და იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ექსპერტთა ჯგუფის საბჭო იკრიბება.
ახალციხეში ახალგაზრდა ექთანი მეგი ბაქრაძე დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა.
„დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე – როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განვითარება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
„შემთხვევის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება. შესაძლოა, ამას 24 საათი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ. ასევე კვლევაში ჩავრთავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები საერთაშორისო ანგარიშგებას ექვემდებარება. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, რათა მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს... იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროცესის გარკვეული პერიოდით გადავადება, ვიდრე არ გვეცოდინება ზუსტი პასუხი კვლევების შედეგიდან გამომდინარე, ამაზე დღეს ვიმსჯელებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა >>
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. პირველ რიგში ვაქცინაციას მედპერსონალი ექვემდებარება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 2.719 ადამიანი აიცრა.