თბილისი, 18 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს, რომელმაც ის ცუდად მოიხსენია, ჯანმრთელობა უსურვა, იუწყება РИА Новости.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინი „პასუხს აგებს არჩევნებში ჩარევისთვის“. მასმედიაში ასევე ამტკიცებენ, რომ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა, თუმცა ეს პირდაპირი მნიშვნელობით ჰქონდა მას მხედველობაში თუ არა, გაურკვეველია. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ უარი განაცხადა განემარტა, იყო თუ არა ბაიდენის სიტყვები პუტინზე მეტაფორა.
- „ბავშვობაში, როცა ეზოში ვკამათობდით, ვამბობდით ხოლმე Кто как обзывается, тот так и называется (დაახლ. „რაც მიწოდე, ეგ თვითონ ხარ“). და ეს შემთხვევითი არაა. ეს ბავშვური გამონათქვამი და ხუმრობა არაა. ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური აზრი დევს ამაში. სხვა ადამიანში ყოველთვის ვხედავთ საკუთარ თვისებებს და ვფიქრობთ, რომ ისიც ისეთია, როგორც ჩვენ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თითოეული ხალხის ისტორიაში „ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა“.
„მაგრამ როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანებს ან სხვა სახელმწიფოებს, სხვა ხალხებს, თითქოს სარკეში ვიყურებით. იქ ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ“, – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გამონათქვამი შეაფასა, როგორც ვაშინგტონის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც „ორი წლის განმავლობაში გაცნობიერებულად შეჰყავდა“ რუსულ–ამერიკული თანამშრომლობა ჩიხში. ამას მოჰყვა ის, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიწვიეს, რათა შეაფასონ ვაშინგტონთან ურთიერთობების ამჟამინდელი კონტექსტი. უწყებაში აღნიშნეს, რომ უნდათ თავი აარიდონ „ვაშინგტონთან ურთიერთობების შეუქცევად დეგრადაციას“.