თბილისი, 17 მარტი – Sputnik. პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მისთვის ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაიაა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის 1993–1995 წლებში იყო მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი) და 2004–2008 წლებში – საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.