თბილისი, 17 მარტი – Sputnik. გერმანულმა ავტომშენებელმა კომპანია Audi-მ („აუდი“) განაცხადა, რომ სრულად წყვეტს ბენზინისა და დიზელის საწვავზე ახალი ძრავების შემუშავებას.
როგორც Autonews.ru იუწყება, ავტოკონცერნი უახლოესი 10–15 წლის განმავლობაში შიგაწვის ძრავზე მთლიანად უარის თქმასა და ელექტრომობილებზე გადასვლას აპირებს.
გერმანული ბრენდის მთავარი ინჟინრის მარკუს დიუსმანის თქმით, „აუდი“ გააგრძელებს ამჟამინდელი შიგაწვის ძალოვანი აგრეგატების სრულყოფას, რათა შეესატყვისებოდეს ევროპის ეკოლოგიურ ნორმებს.
ამასთან, ძრავების მიყვანა „ევრო-7“-ის სტანდარტებამდე, რომლის ნორმებიც 2025 წელს უნდა ამოქმედდეს, რთული ამოცანა იქნება.
დიუსმანმა ევროკავშირის ზედმეტად აგრესიული პოლიტიკაც გააკრიტიკა მავნე გამონაბოლქვის რაოდენობის ნორმების გამკაცრების საკითხზე და განაცხადა, რომ სარგებელი ეკოლოგიისთვის უფრო „სუფთა“ ძრავებისგან მინიმალური იქნება და არ გაამართლებს ძრავების მოდერნიზაციაზე უზარმაზარ ხარჯებს.
უფრო ადრე კლასიკურძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე 2030 წლისთვის უარი შვედურმა კომპანია Volvo-მ განაცხადა.