თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელები და სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზატორები მუშაობის ნებართვას ითხოვენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ბანკებში სესხს ვერ ფარავენ.
აქციაში მონაწილეობენ მუსიკოსები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და ივენთ–მომსახურების სხვა წარმომადგენლები.
„მე ოპერატორი ვარ. მთელი ცხოვრება ამ მიმართულებით ვმუშაობ... ჩვენი მოთხოვნაა – მოგვცენ მუშაობის უფლება. თუ შეიძლება, რომ თეატრი გაიხსნას და იქ 200 ადამიანი მივიდეს, რატომ არ შეიძლება არცთუ დიდი ღონისძიების გამართვა?! გვითხრან მიზეზი. თუ ეს სფერო საჭირო აღარაა, წავალთ და სხვა რამეს მოვიფიქრებთ. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მოგვაქციონ ყურადღება, შეგვხვდნენ და დაგველაპარაკონ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ როინ გორაძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი იძულებული არიან ფარულად იმუშაონ – ღონისძიებები სახლებსა და ბუნებაში გამართონ, რის გამოც მათ აჯარიმებენ. შეკრებილთა განმარტებით, მათ უკვე ყველა რესურსი ამოწურეს.
მომიტინგეები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქებიან.
ხელისუფლება ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას ახორციელებს – 15 მარტიდან მუშაობა განაახლეს თეატრებმა, ფიტნეს–კლუბებმა, სასკოლო წრეებმა. მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა მუშაობა 1 მარტიდან დაიწყეს.