თბილისი, 15 მარტი – Sputnik. დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი იწყება.
ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ-ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში შაბათს ჩამოვიდა.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას მედპერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის ამ ეტაპზე 82 სამედიცინო დაწესებულებაა მზად.
15 მარტიდან ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყება და აცრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კაბინეტებში ჩატარდება.
თბილისში მომზადებულია 19 ცენტრი, ქუთაისსა და ბათუმში – 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში – 2-2, სხვა რაიონულ ცენტრებში კი თითო-თითო. 17 მარტიდან კიდევ გაიხსნება ვაქცინაციის 35 პუნქტი, 19 მარტიდან – 23 პუნქტი.
ხელისუფლება ცდილობს გეოგრაფიული წვდომა მაქსიმალური იყოს, რათა 43 200 დოზა ვაქცინის გამოყენება უმოკლეს დროში მოხდეს.
მედპერსონალის შემდეგ იმუნიზაციას დაექვემდებარებიან მოხუცებულთა სახლების თანამშრომლები და ბენეფიციარები. ვაქცინაციის მესამე ეტაპი 75 წელს ზემოთ პირებს შეეხება.