Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქართველი ბალერინა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის სოლისტი გახდა

© photo : Salome Leverashvili / FBსალომე ლევერაშვილი
სალომე ლევერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
სალომეს დედა ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი იყო, მამა – ტანმოვარჯიშე. პლასტიკურობა და ცეკვის სიყვარულიც ალბათ მათგან გამოჰყვა...

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ქართველი ბალერინა სალომე ლევერაშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის სოლისტი გახდა. ინფორმაცია თეატრმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

სალომე ლევერაშვილი დაიბადა 1997 წელს თბილისში. 2016 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდულ დასში.

ცეკვით სალომე პატარაობიდანვე დაინტერესდა. როგორც თავად იგონებს, სათამაშოებით ნაკლებად ერთობოდა. საკუთარი ფანტაზიით ქმნიდა სპექტაკლებს, ასევე საცეკვაო მოთხრობებს პრინცებზე და პრინცესებზე და სახლში მოწყობილ პატარა თეატრში დაუღალავად ცეკვავდა მშობლებისა და ბებია-ბაბუის წინაშე.

სალომეს დედა ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი იყო, მამა – ტანმოვარჯიშე. პლასტიკურობა და ცეკვის სიყვარულიც, ალბათ, მათგან გამოჰყვა. თავიდან სალომეც ქართულ ცეკვაზე შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ ბალეტის სიყვარულმა გადასძალა და საბალეტო სკოლაში დაიწყო სწავლა. მადლიერებით იგონებს პედაგოგებს, რომლებიც სასწავლებელში გვერდში ედგნენ მთელი ათი წლის განმავლობაში: ქეთევან მუხაშავრიას, მაია ზურაშვილს, მარგარიტა ზერცალოვასა და სხვებს, განსაკუთრებით კი გამოყოფს ლარისა ჩხიკვიშვილს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის ბალერინად ჩამოყალიბებასა და, საერთოდ, ცხოვრებაში.

საბალეტო სასწავლებლის დამამთავრებელ წელს, 2016 წლის აპრილში ლატვიის დედაქალაქში გაიმართა XII საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი „რიგის გაზაფხული 2016“. საქართველოს გარდა, კონკურსში მონაწილეობდნენ ევროპის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ვიეტნამის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. სალომე ლევერაშვილი „ვარიაციის“ კატეგორიაში ოქროს მედლის, გრან-პრისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსზე ბალერინამ პუნის ბალეტიდან „ესმერალდა“ ესმერალდას ვარიაცია იცეკვა.

ამსტერდამის საბალეტო თეატრის ახალგაზრდულ დასში მუშაობის პირველ წელს სალომემ 70-მდე სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ხშირად დადიოდა გასტროლებზე. თავი გამოსცადა არა მხოლოდ კლასიკაში, ცეკვავდა მოდერნს, ნეოკლასიკას. ინდივიდუალურად მუშაობდა ქორეოგრაფებთან. თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს სალომე ლევერაშვილი ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის მთავარი დასის წამყვანი ბალერინაა. თანამშრომლობს თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფებთან, ცეკვავს ბალეტებში „ბაიადერა“, „კოპელია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „დონ კიხოტი“, „მატა ჰარი“, „ტრისტანი და იზოლდა“ და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0