თბილისი, 15 მარტი - Sputnik. უსაფრთხოების მიზნით მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე 16 მარტიდან საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, კერძოდ: ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
უწყების ცნობით, გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.