თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დღეისათვის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 16 მარტს არის დანიშნული.
„წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის (ბრიუსელში- რედ.) შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას.
„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შვედი დიპლომატი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. დღეს მან „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. დანიელსონი შეხვდა ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შეხვედრებს ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.