თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქუთაისში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მიტინგი დაიწყო - ქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.
აქციაზე ელოდებიან ადამიანებს თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ჰესის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას უცხოელთათვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს, გაუქმდეს ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა და უცხოური კომპანიისთვის მიწის 99 წლით იჯარით გადაცემის შესახებ.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პროცესებში პირადად ჩართვა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავალა.
ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ პარლამენტშიც მოუსმინეს. შედეგად 12 მარტს საქართველოს მთავრობამ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დანარჩენი სამუშაოები გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს - ცაგერის და წყალტუბოს.
„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.