თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიან მიტინგზე დღემდე არსებულ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ისინი ასევე მოითხოვენ, რომ თურქულმა კომპანიამ Enka Riniubels დატოვოს ხეობა, ხოლო საქართველოს მთავრობამ გააუქმოს განკარგულება „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის შესახებ.
„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი უწყვეტ აქციას უკვე ოთხ თვეზე მეტია მართავენ და სამშენებლო სამუშაოების სიახლოვეს მათ კარვების ქალაქი მოაწყვეს. მათი მტკიცებით, ეს სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამუშაოების წარმოება დაუშვებელია. ისინი ასევე აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომებია დაშვებული.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „რიონის ხეობის მცველები“ წარმომადგენელმა და აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია.
„ჩვენს მთავარ მოთხოვნებს დაემატა ერთი მთავარი მოთხოვნა, თანამდებობა დატოვოს ნათია თურნავამ, რომელმაც შეხვედრიდან გაპარვით შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ ადამიანს, ვისაც აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგენდით“, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
შეკრებილების წინაშე გამოვიდნენ საზოგადო მოღვაწეები, ენერგეტიკის და მომიჯნავე სფეროების სპეციალისტები, რომლებმაც ერთხმად გააკრიტიკეს „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, მის მოსალოდნელ საფრთხეებზე და უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
შეკრებილთა ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე დარჩენას აპირებს. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ხვალიდან ნამოხვანში დადგმულ კარვებში მორიგეობას გააგრძელებენ.
28 თებერვალს ქუთაისში „რიონის ხეობის მცველების“ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს უარი თქვას ჰესის მშენებლობაზე. ამ მოთხოვნის შესასრულებლად მათ მთავრობას 14 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქუთაისის ბლოკირება დააანონსეს.
პარასკევს გამოცხადდა, რომ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების შეჩერდება, თუმცა დანარჩენი სამუშაოები გაგრძელდება. მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ექსპერტები შეისწავლიან პროექტს და კვლევებს ჩაატარებენ.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს - ცაგერის და წყალტუბოს. „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.