თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ონთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა - ამჯერად 3,7 მაგნიტუდის, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:55 საათზე იგივე ლოკაციაზე - ონიდან 2 კილომეტრში, სოფელ ონჭევთან 12 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამ ტერიტორიაზე ერთი საათით ადრე 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.