თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
გარდა ამისა, მოიხსნა შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე, რომელიც 12 მარტს ლიპყინულის გამო დაწესდა. აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.