თბილისი, 13 მარტი – Sputnik. თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
დღეს საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ არის წარმოებული. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
„ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, რომელიც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეიყვანს მონაცემებს.
გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია გახლავთ უფასო და ამ პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესს მონიტორინგს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაუწევს.
საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად მზადაა 82 დაწესებულება, პირველ ეტაპზე 43 ათასი მედმუშაკის აცრა 15 მარტიდან 29 სამედიცინო დაწესებულებაში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.