თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების რვა მოჭიდავე მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც ბუდაპეშტში 18-21 მარტს გაიმართება, ნათქვამია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შევიდა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოთხ-ოთხი წარმომადგენელი. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურებს ტურნირის ფინალისტები მიიღებენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
- ბექა ბუჯიაშვილი (-57 კგ)
- ლადო ხინჩეგაშვილი (-65 კგ)
- ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ)
- სანდრო ამინაშვილი (-86 კგ)
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
- ირაკლი ძიმისტარიშვილი (-60 კგ)
- რამაზ ზოიძე (-67 კგ)
- გელა ბოლქვაძე (-77 კგ)
- ლაშა გობაძე (-87 კგ)
აღსანიშნავია, რომ ორმა ქართველმა ფალავანმა უკვე მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზიები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით და საუკეთესოთა ექვსეულში მოხვედრა შეძლო. ეს არის გენო პეტრიაშვილი (-125 კგ, თავისუფალი ჭიდაობა), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია, და იაკობ ქაჯაია (-130 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რომელმაც ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.