როგორ დავიმახსოვროთ რთული მასალა: რჩევა მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს

CC0 / Pixabay / გამოცდებისათვის მომზადება
გამოცდებისათვის მომზადება - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
Yandex newsTelegram
ამერიკელმა ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა რიჩარდ ფეინმანმა უმარტივესი მეთოდი შეიმუშავა ურთულესი თემების სამუდამოდ დასამახსოვრებლად.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. იმისათვის, რომ რაღაც მართლა კარგად დავიმახსოვროთ და მერე არასდროს დაგვავიწყდეს, სულ უბრალო რამაა საჭირო – ღრმად ჩავწვდეთ თემას. სწორედ ამას გვასწავლის ნობელის პრემიის ლაურეატის რიჩარდ ფეინმანის მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით მაღალი კლასების მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გამოადგებათ.

მაშ ასე, როგორ მუშაობს ფეინმანის მეთოდი.

შეეცადეთ თქვენს წარმოდგენაში აუხსნათ დასამახსოვრებელი თემა ამ საკითხისგან შორს მყოფ ადამიანს, ვთქვათ, 8 წლის ბავშვს. ამ ასაკის ბავშვებს გონება უკვე საკმაოდ „მომაგრებული“ აქვთ საიმისოდ, რომ მარტივად ახსნილი თემები გაიაზრონ — მარტივად და არა სპეციალური ტერმინებით გაჯერებული ტექსტებით, ვინაიდან მათი სიტყვიერი მარაგი ჯერ კიდევ არ არის ამდენად მდიდარი.

ამიტომ თქვენ მოგიწევთ ისაუბროთ არა დაზეპირებული ფრაზებითა და ტერმინებით, არამედ საკუთარი სიტყვებით — მაქსიმალურად უბრალო და მისაწვდომი ენით. სწორედ ამ დროს აღმოაჩენთ იმ ადგილებს, რომელთა უბრალო სიტყვებით გადმოცემა გიჭირთ — არა იმიტომ, რომ გონებაში წარმოდგენილი ბავშვი ზედმეტად პატარაა და არ იცით, როგორ გააგებინოთ სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ თავად ბოლომდე არ ხართ გარკვეული მასში.

მონიშნეთ ასეთი ადგილები ფურცელზე, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ თემა და შეეცადეთ ღრმად ჩაწვდეთ მონიშნულ „აუხსნელ“ საკითხებს, იმდენად ღრმად, რომ მისი ბავშვისთვის მარტივად მოყოლა შეძლოთ.

ბიჭი კითხულობს წიგნს  - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გენიალური მეთოდი ფსიქოლოგისგან: როგორ დავსვათ ბავშვი სამეცადინოდ ისტერიკის გარეშე

ხოლო თუ თემაში გაურკვეველი ადამიანი სულაც გვერდით გეყოლებათ და არა წარმოდგენაში, ანუ უშუალოდ მისთვის შეძლებთ მოყოლას და იქვე მოისმენთ მის შეკითხვებს, ეს საერთოდაც იდეალური ვარიანტი იქნება.

ფეინმანის მეთოდი ნებისმიერი სფეროს თემატიკის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ — თანაც არა გაზეპირებაში, არამედ ღრმად გააზრებასა და ლამის სამუდამოდ დამახსოვრებაში. იქნება ეს ფიზიკური ფორმულები, ისტორიული მოვლენები თუ ეკონომიკური მექანიზმები.

ეს ტექნიკა, სწავლის პროცესის გარდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხსენების წერისას თუ პრეზენტაციის მომზადებისას.

გვერწმუნეთ, უბრალო სიტყვებით მოთხრობილი „ამბავი“ ბევრად იოლად აღსაქმელ-დასამახსოვრებელი და საინტერესოა, ვიდრე სპეციალური ტერმინებითა და ფრაზებით სავსე.

რიჩარდ ფილიპს ფეინმანი — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში, მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე, იყო „მანჰეტენის პროექტის“ აქტიური წევრი ლოს-ალამოსში და ასევე მონაწილეობდა კოსმოსურ შატლ „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამოძიებაში. ფეინმანმა ასახა ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნები და შექმნა „ფეინმანის დიაგრამები“. მიიჩნევენ კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერად და ნანოტექნოლოგიის კონცეფციის შემმუშავებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში ფეინმანი თეორიული ფიზიკის პროფესორი იყო კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.

ყველა ახალი ამბავი
0