თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ამერიკული კომპანია Google სერვის YouTube-ს ბლოგერებისთვის გადასახადის დაწესებას აპირებს მიმდინარე წლის ზაფხულიდან, ნათქვამია „გუგლის“ საიტზე.
კომპანიაში აზუსტებენ, რომ საუბარია იმ ბლოგერებზე, რომლებიც შემოსავალს იღებენ რეკლამებიდან.
„კომპანია Google უკვე 2021 წლის ივნისში გეგმავს გადასახადების მოკრებას ქვეყნის გარეთ მცხოვრები ავტორებისგან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს შემოსავლებზე“, — მიმართა კომპანიამ ბლოგერებს.
ამასთან „გუგლი“ ავტორებს სთხოვს, წარადგინონ შესაბამისი საგადასახადო ინფორმაცია AdSense-ში მიმდინარე წლის 31 მაისამდე, რათა კომპანიამ გადასახადის სწორი თანხა გამოთვალოს.
კომპანიის ინფორმაციით, გადასახადით დაიბეგრება ის შემოსავალი, რომელსაც ბლოგერები მათი კონტენტების აშშ-ის ტერიტორიიდან ნახვით იღებენ.
„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საგადასახადო ინფორმაცია 2021 წლის 31 მაისამდე წარმოდგენილი არ იქნება, Google-ს შეუძლია მოითხოვოს თქვენი მსოფლიო YouTube–შემოსავლების 24%-ის ჩამოჭრა“, — განუმარტავს „გუგლი“ ვიდეობლოგერებს.
იმ შემთხვევაში, თუ ავტორი აუცილებელ ინფორმაციას წარადგენს, მისი საგადასახადო ტარიფი 0-დან 30%-მდე ფარგლებში იქნება იმის მიხედვით, აქვს თუ არა მის ქვეყანას საგადასახადო შეთანხმება აშშ-თან.