თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს უცნობილეს სტადიონ „მარაკანას“ შესაძლოა პელეს სახელი ეწოდოს, შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეტანილია შტატის საკანონმდებლო ორგანოში, იუწყება გაზეთი O Globo.
„ფეხბურთის მეფე პელე ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია პლანეტაზე. ის წარმოადგენდა და კვალავაც წარმოადგენს ბრაზილიას“, — ნათქვამია დოკუმენტში, რომლის ავტორიც მშრომელთა პარტიის დეპუტატი ანდრე სისილიანუა.
ამასთან სისილიანუს მიაჩნია, რომ სახელის გადარქმევის შემთხვევაშიც კი ხალხი სტადიონს მაინც „მარაკანად“ მოიხსენიებს.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის ინიციატივას კოლეგების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რის გამოც კანონპროექტი დაჩქარებული წესით გაიტანეს კენჭისყრაზე. ახლა მას შტატის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კლაუდიო კასტრომ უნდა მოაწეროს ხელი.
სტადიონი „მარაკანა“ 1950 წელს გაიხსნა და 1999 წლის რეკონსტრუქციამდე მსოფლიოს უდიდეს სტადიონად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტით ის 155 250 მაყურებელზე იყო გათვლილი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სტადიონმა 199 854 ქომაგი დაიტია.
პელე — მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელი, ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ. 16 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ეროვნულ გუნდში პირველი შეხვედრა 1957 წლის ივლისში სწორედ „მარაკანაზე“ ჩაატარა არგენტინის წინააღმდეგ და იმ მატჩში ბრაზილიელთა ერთადერთი გოლის ავტორიც გახდა (შეხვედრა ანგარიშით 1:2 დამთავრდა არგენტინელთა სასარგებლოდ). ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელემ თავისი ბოლო მატჩი ასევე „მარაკანაზე“ გამართა 1971 წელს იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ.