იუსტიციის მინისტრის ადგილი თავისუფლდება: ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

© photo: Ministry of Justice / FBგოჩა ლორთქიფანიძე
გოჩა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ექვს ახლადარჩეულ მოსამართლესთან ერთად მოსამართლის ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. რამდენიმე დღეში კი მან საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი შეცვალა. ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე კვლავ იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.

კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
საქართველოში სამინისტროების რაოდენობა იზრდება

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლე 9 წლის ვადით, 2030 წლამდე იქნება. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლორთქიფანიძეს მინისტრის პოსტზე.

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჰააგაში საქართველოს წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია.

ლორთქიფანიძე 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2021
ემანუელ მაკრონი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. 2013 წლიდან ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც განიხილავს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის: გენოციდი, სამხედრო დანაშაულები, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 123-მა სახელმწიფომ მოახდინა.

საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0