თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შემქმნელები ევროპის სამკურნალო პრეპარატების სააგენტოს (EMA) თავმჯდომარის კრისტა ვირთუმერ-ჰოხესგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმის გამო, რომ მან სხვადასხვა სახელმწიფოებში რუსული ვაქცინის საგანგებო გამოყენებაზე ნებართვის გაცემა „რუსულ რულეტკას“ შეადარა, იუწყება რადიო Sputnik.
აღნიშნულის შესახებ რადიოს ეთერში პოლიტოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა ანტონ ბრედიხინმა ისაუბრა.
ვირთუმერ-ჰოხემ, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ჯანდაცვის საკითხებს ავსტრიაში, აღნიშნული განცხადება გუშინ ტელეარხ ORF-ის ეთერში გააკეთა და ამის საფუძვლად ის ფაქტი დაასახელა, რომ აცრილების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
„კრისტა ვირთუმერ-ჰოხესგან საჯარო ბოდიშს მოვითხოვთ მისი ნეგატიური კომენტარის გამო ევროკავშირის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც „სპუტნიკ V“ მოიწონეს. მისი კომენტარები სერიოზულ კითხვებს ბადებს ექსპერტიზის მიმდინარე პროცესში ЕМА-ს შესაძლო პოლიტიკურ ჩარევებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია რუსული ვაქცინის Twitter-აკაუნტზე.
განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროპელი რეგულატორი მანამდე სხვა ვაქცინების მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას თავს არ აძლევდა. რუსული პრეპარატის შემქმნელების აზრით, ასეთი კომენტარები უადგილოა, ვინაიდან სააგენტოსადმი იმ ქვეყნების ნდობას არყევს, რომლებმაც უკვე მოიწონეს „სპუტნიკ V“.
EMA-მ 4 მარტს განაცხადა, რომ რეგულატორი „სპუტნიკ V“-ს ექსპერტიზას იწყებდა, რა დროსაც ვაქცინა უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე შემოწმდება.
ამ დროისათვის რუსული ვაქცინა მსოფლიო 46 ქვეყანაშია დარეგისტრირებული და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს. როგორც ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალი Lancet წერს, პრეპარატის ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს.
ანტონ ბრედიხინის აზრით, ვირთუმერ-ჰოხეს განცხადებების უკან პოლიტიკა და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დგას.
„ჩვენი ვაქცინის შესახებ უკვე იმდენი ინფორმაცია არსებობს, რომ მედიცინასა და ბიოლოგიაში სრულიად გაურკვეველი ადამიანიც კი სპეციალისტი გახდა, არათუ ის [ვირთუმერ-ჰოხე], მისი დონისა და თანამდებობის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, საქმე კონკურენტების მხრიდან შეგნებულ „შემოგდებასთან“ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ბოდიშს არ მოიხდიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპელები თავად მოითხოვენ რუსულ ვაქცინას“, — მიაჩნია ბრედიხინს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით.