პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
გავრცელებული ჩანაწერების ავთენტიკურობის შესასწავლად შესაბამისი საექსპერტო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისკენ მოუწოდეს სამართალდამცველ ორგანოებს არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, მიყურადებისა და მისი უკანონოდ გამოყენება/გავრცელების ფაქტებზე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
პროკურატურა ფარული აუდიოჩანაწერების გამოძიებას დაიწყებს? „ლელომ" სარჩელი შეიტანა

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო პროცედურა ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დასადგენად. არსებული ჩანაწერების ავთენტიკურობის დადგენის მიზნით კი შესაბამისი ექსპერტიზები ჩაინიშნება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

მასმედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ განცხადება 7 მარტს გაავრცელა და აუდიოჩანაწერებს „2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ უწოდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებული ჩანაწერი შედგება იმ ადამიანების საუბრებიდან ამოჭრილი ცალკეული სიტყვებისა და ფრაზებისაგან, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად იწერდა.

მმართველ პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0