„კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი აცხადებს, რომ მისი 27-წლიანი ოჯახური სიმტკიცის საიდუმლო მისი მეუღლეა, რომელიც მისთვის საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე და ის ხელს უწყობს ყველაფერში. როგორც ლაზაშვილმა ჟურნალ „სითის“ განუცხადა, მეუღლე მის ინტერესებს მაშინაც ითვალისწინებდა, როდესაც წლების წინ „რუსთავი 2“-დან წასვლით მეუღლის კარიერა საფრთხის ქვეშ დადგა, და ახლაც მისი დამსახურებაა, რომ ამავე ტელეკომპანიაში დაბრუნდა.
„რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ“, – ამბობს ტელეწამყვანი.
ცნობისათვის: გიორგი ფრუიძე 2019 წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი.
ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი ახლა „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრია. მისი კარიერული აღმასვლა ამ ტელევიზაში წლების წინ დაიწყო, თუმცა გასული 13 წლის განმავლობაში ის სხვა სივრცეში ცდიდა ბედს. 2019 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-ში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, არხზე კვლავ დაბრუნდა.
წარმატებული ჟურნალისტის უკან ცხოვრების ბევრი საინტერესო დეტალი დგას, რომელზეც ტელეწამყვანი საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება. ნათიას და გიორგის ერთი შვილი ჰყავთ – 26 წლის ლეკო ფრუიძე.