თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში 8 მარტიდან კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარადგინა.
8 მარტიდან:
– სამთო კურორტებზე მუშაობას განაახლებენ საბაგიროები;
– ქვეყნის მასშტაბით რესტორნები მუშაობას შიდა სივრცეებში განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
– სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები მუშაობას უქმე დღეებშიც შეძლებენ.
კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.
საქართველოში 1 მარტიდან მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა, ბათუმის რესტორნებმა დაიწყეს შიდა სივრცეში მომხმარებლის მიღება (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.
მანამდე კი მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სამთო კურორტებზე ასევე ამუშავდა სასტუმროები.