ნიკა მელიას მხარდასაჭერად: თბილისის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო მსვლელობა იმართება

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის ლიდერების განმარტებით, საპროტესტო აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით მორიგ საპროტესტო ავტომსვლელობას მართავენ. 

Freedom for Fox: ახალი აქცია ნაცმოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
Freedom for Fox: ახალი აქცია "ნაცმოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას მხარდასაჭერად

საპროტესტო აქცია თბილისის სხვადასხვა რაიონის – სამგორი, ისანი, მთაწმინდა – გამგეობებთან ერთდროულად დაიწყო. ერთი ადგილი, სადაც ოპოზიციის ლიდერის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, გლდანის რაიონი და ნიკა მელიას საარჩევნო შტაბია.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართებიან, საბოლოოდ კი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.

„ნიკა მელიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ხელისუფლება არ არის მხოლოდ სამინისტროები, მათი ნაწილია გამგეობებიც და, შესაბამისად, ჩვენი პროტესტი თვითმმართველობის ორგანოებსაც ეხება”, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზვიად კუპრავამ.

აქციის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. მათი თქმით, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების შემდეგ, რომელშიც ფიგურირებენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და მაღალი რანგის ჩინოვნიკები, მათ პოსტები უნდა დატოვონ.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

ნიკა მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების საფუძველი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0