თბილისი, 5 მარტი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი ერაყში ჩავიდა, ეს მისი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში, რომელიც ოთხ დღეს გასტანს, იუწყება Vatican News–ი.
გავრცელებული ცნობით, პონტიფიკოსს აეროპორტში ერაყის პრემიერ–მინისტრი მუსტაფა ალ–კაზიმი დახვდა.
NOW - Pope Francis arrives in Iraqpic.twitter.com/kfyWGbuGo2
— Disclose.tv 🚨 (@disclosetv) March 5, 2021
რომის პაპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 10 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული და ამასთან დაწესდა სადღეღამისო კომენდანტის საათი.
ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპი კვირას ქალაქ მოსულში ჩავა და ერაყის შიიტთა სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი სისტანის შეხვდება. ისინი ერთად აღავლენენ ლოცვას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად.
იმავე დღეს პონტიფიკოსი მესას ჩაატარებს ერბილეს სტადიონზე.
BBC–ის ცნობით, თავისი ვიზიტით რომის პაპს სურს, მხარი დაუჭიროს ქრისტიანებს, რომლებიც კვლავ იდევნებიან ერაყში. გარდა ამისა, პონტიფიკოსი აპირებს მშვიდობისკენ მოუწოდოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს.
ადგილობრივი მღვდელმსახურების ვარაუდით, რომის პაპის ვიზიტი იმედით აღავსებს ქრისტიანებს და დაანახებს, რომ ისინი არ დავიწყებიათ.
ამასთან კათოლიკური დახმარების სამსახურის წარმომადგენელი დევიდ ბერნოკო მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღარ განიხილება გლობალურ მტრად და ამიტომ რომის პაპის ვიზიტი არის არა მარტო კათოლიკური ეკლესიის პატივისცემის ნიშანი ერაყისადმი, არამედ ამ ქვეყნისკენ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის მცდელობაც.