გეგმა ცნობილია: უახლოეს წლებში 5 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

© Sputnik / Alex Shlamovვაშლიჯვარში დევნილთა დასახლება
ვაშლიჯვარში დევნილთა დასახლება - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ორ წელში 5 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ბინები ახალაშენებულ კორპუსში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
დაიწყო იმ 260 დევნილი ოჯახის შერჩევა, რომლებიც თბილისში ბინებს მიიღებენ

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი.

„მინდა ვისაუბრო დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე. ჩვენმა მთავრობამ 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უკვე გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად უახლოესი 2 წლის განმავლობაში დამატებით 5 ათასამდე დევნილ ოჯახს დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 90 ათასზე მეტი ოჯახია. თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეტაპობრივად ახორციელებს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

როგორ ხორციელდება განაწილება

ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტო მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

ამის შემდეგ კომისია თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობს.

დევნილთა სააგენტო: ე.წ. აფრიკაში მცხოვრებ ოჯახს ბინა ზუგდიდში გადავეცით>>>

ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

ყველა ახალი ამბავი
0