თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საკანში, სადაც მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
„2021 წლის 4 მარტს მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთ თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. დაჭრილ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. დაზიანება ნ.ქ.-ს, სავარაუდოდ, მისმა მესამე თანამესაკნემ ვ.ა.-მ მიაყენა", – აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმის ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, დაუყოვნებლივ მოხდა დაჭრილი პირის გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს. თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
უწყების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.