თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
შეხვედრის შემდეგ მინისტრები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი მინისტრი სხვა მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს თურქეთის ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.