თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, ამ რეფორმის ფარგლებში საპილოტო პროექტად შეირჩა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები და თავად შეძლონ ფინანსების მოზიდვა როგორც ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე, ასევე უცხოეთში.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის.
მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ. მომდევნო ეტაპი კი საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვაა, მათ შორის, მენეჯმენტში.
„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტო მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელმაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს. ამასთან, საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.
როგორც 25 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. აღნიშნული საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.