თბილისი, 3 მარტი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე - მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გარდა ამისა, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.