რა ცვლილებები შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „საარჩევნო კოდექსში“

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
საარჩევნო რეფორმა პარლამენტმა ორი თვის ვადაში უნდა მიიღოს. პროექტი ვენეციის კომისიში და OSCE/ODIHR-ში გაიგზავნება.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2,5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. კანონპროექტი მოამზადა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო უმრავლესობისა და პარტია „მოქალაქეების" დეპუტატებისგან.

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილიც იზრდება. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.
კახა კახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
რა არ მოსწონს კახა კახიშვილს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში

ამას გარდა, თბილისის საკრებულოს შემადგენლობა განისაზღვრება 50 წევრით. მათგან 10 წევრი ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომელიც ხმების არანაკლებ 2,5%-ს მიიღებს.

OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, სრულად განახლდება საარჩევნო ადმინისტრაციაც. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება, რომელთაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ყველა ბარიერგადალახულ პარტიას საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.

4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადეს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. ეს გახდა ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესრულების პირველი ნაბიჯი. მოგვიანებით მემორანდუმს კიდევ ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0