ოპოზიცია კომპრომისზე მიდის: მოხდება პროტესტის ფორმის მოდიფიკაცია

© Sputnik / STRINGERგაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციები
გაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციები - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის და არ აპირებს თავისი აქციებით „ქართულ ოცნებას“ მოლაპარკებების ჩაშლის საბაბი მისცეს. პროტესტი შერბილდება, მაგრამ მოთხოვნები იგივე დარჩება.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ქართული ოპოზიცია პროტესტის ფორმებს ცვლის – ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია პარტიების ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შედგა.

ოპოზიცია სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებაზე უარს ამბობს >>

კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა მსხვილმა ოპოზიცურმა პარტიამ, „ლელოს“ და „ერთიანი საქართველოს“ გარდა.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ორი კვირა აქვთ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორ კვირაში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საკითხზე საბჭოს სხდომა გაიმართება და იქ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. იმ დროისათვის მხარეები გარკვეულ კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა ლიდერებმა დაგეგემილი პროტესტების განრიგის გადახედვის მიზნით დღეს შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის პიკეტირება - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გეგმები არ შეიცვლება: ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს

„მოხდება საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რათა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა. ამიტომ ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და იქნება ავტომობილებით მსვლელობა, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ხელისუფლებასა და ოპოზიციას აქვს ორი კვირა, რომელიც მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მისცა, მასშტაბური მიტინგი რუსთაველის გამზირზე, რომელიც 13 მარტს იგეგმებოდა, 20 მარტისთვისაა გადატანილი.

„არ შევწყვეტთ აქციებს და ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვილი, გამოხატული იქნება. ოღონდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისეთი ტიპის საპროტესტო აქციები არ გვქონდეს, რომელიც შეიძლება ფიზიკურ კონტაქტში იყოს ან პოლიციასთან, ან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის გაუგებრობა და საბაბი არ მიეცეს ხელისუფლებას, რომ აქტივისტები დააკავოს ან თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით ის გზავნილი გაყიდოს საზოგადოებაში, რომ ოპოზიცია რაღაცას დესტრუქციულად აკეთებს... მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები მივიდეს ბოლომდე“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, როგორც ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ამ ყველაფერთან ერთად ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„ჩვენგან ელიან მეტ პატრიოტიზმს“: საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა

„ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან, რათა შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული – პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები არ იქნება სრულფასოვანი, თუ მათში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. სწორედ მისი დაკავების შემდეგ გამწვავდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი.

მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ მზადაა მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, მაგრამ ვადამდელ არჩევნებს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს, რომელსაც არ გადაკვეთს.

კერძოდ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, ხოლო ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს, დამოკიდებულია იმაზე, გადაიხდის თუ არა ის მისთვის დაკისრებულ 40 ათას ლარიან გირაოს.

ყველა ახალი ამბავი
0